როგორ შევავსოთ პეტიცია ?

  • პეტიცია არის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:

    ა) საკრებულოს დადგენილების პროექტი;

    ბ) საკრებულოს დადგენილების პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;

    გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.

ვის აქვს ელექტრონული პეტიციის წარდგენის უფლება?

  • ელექტრონული პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1% პროცენტს (405 ამომრჩეველი);

რა არის საჭირო ელექტრონული პეტიციის შესატანად?

  • საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
  • ელექტრონული სახით პეტიციის ავტორი უნდა დარეგისტრირდეს აპლიკაციის მომხმარებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და აპლიკაციაში განათავსებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) დასკანერებულ ასლს.
  • პეტიციის ავტორს ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება კოდური სიტყვა/სიმბოლოები, რომლის დადასტურების შემდეგ ავტორი კოდური სიტყვით/სიმბოლოებით ახდენს რეგისტრაციის დადასტურებას.
  • რეგისტრაციის გავლის შემდეგ ავტორმა პეტიციის ტექსტი ქართული Sylfaen შრიფტით უნდა განათავსოს აპლიკაციაში, და აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით, თან დაურთოს:

    1. ინფორმაცია პეტიციის წარმდგენი სუბიექტის არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 3 მომხსენებლის/მომხსენებლების (შემდგომში - მომხსენებელი) შესახებ: სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ელექტრონული ფოსტის მისამართს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ები)ი;

    2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი ან - მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს; ან - კონკრეტულად ჩამოყალიბებულ და დასაბუთებულ მოთხოვნა;

    3. პეტიციას შეიძლება თან დაერთოს დოკუმენტები და მასალები, რომლებიც პეტიციის წარმდგენი სუბიექტს პეტიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ.

  • განთავსებული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოჩნდება მისი ატვირთვის დღის მომდევნო სამუშაო დღის 24 საათამდე.
  • აპლიკაციაში განთავსებული ტექსტისა და თანდართული დოკუმენტების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე ატვირთვის დასტური, მომხსენებელს ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.


ინსტრუქცია

  • პეტიციის ტექსტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე არ აისახება თუ:

    ა) ტექსტი ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს;

    ბ) ტექსტის შინაარსი შეურაცხყოფას აყენებს ნებისმიერ პირს;

    გ) ტექსტი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

როგორ მოვაწეროთ ხელი პეტიციას?

  • პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებმა აპლიკაციაში, ქართული Sylfaen შრიფტით უნდა ჩაწერონ საკუთარ სახელი, გვარი, პირად ნომერი, რეგისტრაციის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
  • პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, ამომრჩეველი ვალდებულია, აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში მონიშვნის გაკეთების გზით დაადასტუროს, რომ გაეცნო პეტიციის შინაარსს და ეთანხმება მას.
  • ხელმოწერის შესრულებისას ამომრჩეველი თუ არ არის თანახმა მისი სახელისა და გვარის საჯარო გახდეს, აპლიკაცია უზრუნველყოფს მისი პერსონალური მონაცემების გამხელისაგან დაცვას. ამისათვის შესაბამის ფანჯარაში ამომრჩეველმა მხოლოდ მონიშვნის უნდა გაკეთოს.
  • ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მომხსენებლებისა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირისათვის.
  • პეტიციის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ აპლიკაცია ასაჯაროებს პეტიციაზე ხელმომწერი ამომრჩევლების მიმდინარე რაოდენობას, პეტიციაზე საჭირო ხელმოწერათა მინიმალურ რაოდენობას და პეტიციის ავტორ(ებ)ის სახელ(ებ)სა და გვარ(ებ)ს.

პეტიციის რეგისტრაცია

  • პეტიციის ტექსტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, საჭირო ოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ, აპლიკაციის „რეგისტრაციაზე გაგზავნის“ ფუნქციის მეშვეობით მომხსენებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სრულ სიას, აგზავნის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
  • აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში აღნიშნავს პეტიციის წარდგენის თარიღის თაობაზე და საკრებულოს აპარატისგან ითხოვს პეტიციის მიღების დადასტურებას.
  • საკრებულოს აპარატისგან მიღების დადასტურების შემდეგ აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომხსენებელს, თარიღისა და დროის მითითებით.
  • პეტიციის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი იწყებს პეტიციის რეგისტრაციას.
  • პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხსენებლებს და აღნიშნულ განათავსებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე.
  • პეტიცია იწერება და შეიტანება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.


შექმენი პეტიცია